გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ვებ-გვერდ Mona.ge-სთან დაკავშირებით გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებას ეხმაურებიან.
პარტიებში მიიჩნევენ, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მუქარა იმან გამოიწვია, რომ დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლების მიერ შექმნილი მამხილებელი პლატფორმა თავის საქმეს კარგად ასრულებს.
ელენე ხოშტარიას თქმით, დევნისა და მუქარის, ვებგვერდის შეზღუდვის ვერცერთი ფორმა ვერ მოიტანს შედეგს.
"გარანტია მინდა მივცე პირადად ლილუაშვილს, რომ ვერცერთი ფორმა ჩვენი დევნის, მუქარის, შეზღუდვის ვერ მოიტანს შედეგს და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ და საზოგადოებას გავაცნობთ იმ ადამიანთა სიას, რომლებიც ემსახურებიან რუსულ რეჟიმს. [...] ანუ, შენ გინდა იყო ცრუ მოწმე, შენ აკეთებ ამ არჩევანს, რომ ცრუ ჩვენება მისცე, რათა რუსული პარტიის დავალება შეასრულო და მერე გეშინია, რომ ეს ხალხმა გაიგოს?! ეს კომფორტო მათ არ ექნებათ. ამიტომ, თუ ნაკლები ადამიანი გააკეთებს ამ არჩევანს, ნაკლები ადამიანი იქნება საიტზე", - თქვა ხოშტარიამ.
ჯაფარიძის თქმით, ლილუაშვილის გამოხმაურება ნიშნავს, რომ mona.ge არის სწორი პროექტი, რომელიც ასრულებს თავის მიზანს.
"ამ პროექტის მიზანი არის დაბალი და საშუალო რგოლის შემსრულებლების გამოვლენა, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებენ, რომლებიც ძალადობაში, პოლიტიკურ დევნაში იღებენ მონაწილეობას და ა.შ. ეს გამოხმაურება ნიშნავს, რომ პროექტი თავის მიზანს ასრულებს, შეწუხდნენ, ეტკინათ, რაც ნიშნავს, რომ სწორი პროექტია, სწორ ადგილას ჩავაჭირეთ, შესაბამისად, ასეც გავაგრძელებთ. ეს მუქარები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცას აკრძალავენ, რაღაცას დახურავენ, შეზღუდავენ, ყველაფერი ზღაპარია და შეუძლებელია ამ პროექტის გაჩერება, ეს პროექტი არ გაჩერდება. ყველა ამ ადამიანის სახელებს გამოვიტანთ საჯაროდ, დავუტოვებთ ისტორიას და მაქსიმალურად ხელს შევუშლით, რომ მათ შემდეგ ეძებონ თავშესაფარი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში", - განაცხადა ჯაფარიძემ.
გუშინ, 19 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაიმუქრა, რომ დაიხურება mona.ge-ს ვებგვერდი იმ შემთხვევაში, თუ გამოქვეყნდება კონკრეტული საჯარო მოხელეების პირადი ინფორმაცია, რომელიც იქნება კანონთან შეუსაბამო.
"თუკი ამ ვებგვერდზე აიტვირთება საჯაროდ ის მონაცემები, რომლებიც ჩაითვლება კანონდარღვევად, შესაბამისი მორეაგირე უწყებები ალბათ განახორციელებენ შესაბამის რეაგირებას. [...] თუკი გამოქვეყნდა ისეთი მასალები, რომლითაც შემხებლობა აქვთ ამ პირების პირად უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ექნება რეაგირება. [...] რასაც შეიძლება ველოდოთ მათგან, ეს არის აღვირახსნილი ქმედებები, ამ აღვირახსნილი და უღირსი ქმედებების ფონზე, ელოდეთ შესაბამის რეაგირებას, კანონის ფარგლებში", - განაცხადა ლილუაშვილმა.
12 ოქტომბერს ვებ-გვერდ Mona.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორებიც პარტიები გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა არიან. პარტიებში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.
გარდა ამისა, პარტიებში აცხადებენ, რომ პლატფორმაზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც თავად გასცემენ ან თავად ასრულებენ უკანონო ბრძანებებს და გარდა ამისა, იმართებიან რუსული მეთოდებით.
ლიდერები ამბობენ, რომ ამ ადამიანთა პროფილებს შეარჩევს სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ეს სიები კი დიპლომატიურ მისიებს თუ საემიგრაციო სამსახურებს გადაეცემა.